Share


„მომავალი - JUDO მოქნილი გზა - წარმატებისკენ“ - გამოცდები

2023-01-12 16:03:43

2023 წლის 18 იანვრიდან, ყოველ ოთხშაბათს, ორი თვის განმავლობაში, 10:00-12:00 საათებში თბილისში ძიუდოს აკადემიაში პროექტის „მომავალი - JUDO  მოქნილი გზა - წარმატებისკენ“ ფარგლებში ჩატარდება გამოცდები, რომელიც საშუალებას მისცემს ძიუდოისტებს და მათ პირად მწვრთნელებს სრულფასოვნად იყვნენ ჩართულნი პროექტის მიმდინარეობაში და გადავიდნენ განვითარების ახალ საფეხურზე. ამ ეტაპზე გამოცდების ჩაბარება შეუძლიათ 2006-2008 წლებში დაბადებულ ძიუდოისტებს. გამოცდაჩაბარებული ძიუდოისტების პირადი მწვრთნელები სრულფასოვნად იქნებიან ჩართულნი ჭაბუკთა ნაკრების მომზადების პროცესში, რაც გულისხმობს მათ შეკრებებზე და შეჯიბრებებზე მივლინებას, ასევე სახელფასო ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ გამოცდაჩაბარებული ძიუდოისტი წარმატებას მიაღწევს ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე, ან ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე. ძიუდოისტის მიერ გამოცდის არ ან ვერჩაბარების შემთხვევაში, მისი პირადი მწვრთნელი მოკლებული იქნება ამ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას. რაც შეეხება გამოცდის ჩაბარების მიმდინარეობას, ორი თვის განმავლობაში ძიუდოისტს აქვს შესაძლებლობა გამოცდის ჩაბარება სცადოს რამდემჯერმე.

აქვე წარმოგიდგენთ დოკუმენტურ და ვიდეომასალას, რომლის მიხედვითაც იქნება შედგენილი საგამოცდო ბილეთები და რომლის  მიხედვითაც შეფასდებიან ძიუდოისტები.

ძიუდოისტს მოეთხოვება ცოდნა შემდეგ კომპონენტებში:

1. ძირითადი (ზოგადი) ტერმინოლოგია და მოძრაობები;

2. ტექნიკა დგომში (ნაგევაზა) და ქვეჭიდში (კატამევაზა);

3. ნაგენოკატა (ძიუდოს პრინციპების ჩვენება)  

აქ შეგიძლიათ ნახოთ ნაგენოკატას სრული ვერსია

PS: მომავალში საგამოცდო შინაარსი ეტაპობრივად დაიხვეწება, შეივსება, გამდიდრდება სხვადასხვა კომპონენტებით, რომელიც გამოიკვეთება სანაკრებო და საკლუბო დონეზე თეორიული თუ პრაქტიკული მუშაობის პროცესში. აქვე აღვნიშნავთ, რომ მომავალი წლიდან გამოცდების ჩაბარება იქნება სავალდებულო, რაც გულისხმობს იმას, რომ გამოცდაჩაუბარებელი ძიუდოისტი, მის მიერ მიღწეული შედეგის მიუხედავად, არ დაფინანსდება ფედერაციის მიერ.