Share


საქართველოს ჩემპიონატი 2016

2016-11-25 16:43:36

26-27 ნოემბერს ძიუდოს აკადემიაში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი, სადაც საქართველოს უძლიერესი ძიუდოისტები იჭიდავებენ. მათ შორის: ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი ამირან პაპინაშვილი, ევროპის 2016 წლის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი, ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელიც ამჯერად -90კგ წონით კატეგორიაში იქნება, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი ადამ ოქრუაშვილი და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ლევან მატიაშვილი. საქართველოს ნაკრების ძირითადი გუნდიდან ჩემპიონატში ვერ გამოვლენ მხოლოდ რიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორები ლაშა შავდათუაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი, აგრეთვე ბექა ღვინიაშვილი, რომელსაც ტრავმის გამიზეზების თავიდან ასაცილებლად ექიმებმა დასვენება ურჩიეს.

საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მონაწილეობის უფლება იმ ძიუდოისტებმა მიიღეს, რომლებმაც წარმატებით იასპარეზეს ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრში. შესარჩევი ტურნირისგან გათავისუფლებულნი იყვნენ ის ძიუდოისტები, რომლებსაც კარიერის განმავლობაში ინდივიდუალურ შეჯიბრში მოპოვებული ჰქონდათ მედალი ოლიმპიურ თამაშებზე, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე. აგრეთვე, ის ძიუდოისტები , რომლებმაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე იასპარეზეს.

26 ნოემბერს გაიმართება შეხვედრები -60კგ, -66კგ და -73 კგ წონით კატეგორიებში, ხოლო 27 ნოემბერს -81კგ, -90კგ, -100კგ და +100კგ წონებში.

ორივე დღეს შეხვედრები 10 საათზე დაიწყება.

იგეგმება საქართველოს ჩემპიონატის პირდაპირი ინტერნეტტრანსლაცია.

შედეგები

პირველი დღის ფინალური ბლოკი

მეორე დღის ფინალური ბლოკი