Share


ორი ვერცხლი მეორე დღეს

2015-10-24 15:11:24

ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე შეჯიბრის მეორე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. მედალოსნები მარიამ ჯანაშვილი და თამაზ კირაკოზაშვილი გახდნენ.

მარიამ ჯანაშვილმა, რომელიც ქალთა შორის ჩვენი ნაკრების ერთადერთი წარმომადგენელი იყო,  -52კგ წონით კატეგორიაში ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ფინალში დამარცხდა კოსოვოელ დისტრია კრასნიჩისთან, რომელიც ძალიან ძლიერი ძიუდოისტია და წლეულს  უფროსებშიც საკმაოდ წარმატებულად გამოდის. ძიუდოს  ისტორიაში ეს ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი გოგონების პირველი მედალია. აქამდე მარიამ ჯანაშვილს ვერცხლის მედალი მოპოვებული ჰქონდა კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 2013 წელს. აღსანიშნავია, რომ მარიამმა წარმატებას  თითქმის ერთწლიანი უქმობის შემდეგ მიაღწია. მან ორივე ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და ტატამზე აქტიური ვარჯიში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო.

ფინალამდე ასევე 4 შეხვედრა მოიგო -73კგ წონით კატეგორიაში თამაზ კირაკოზაშვილმა. ფინალში კი გაფრთხილებით წააგო სამხრეთ კორეელ ჰეონჩიოლ კანგთან. თამაზ კირაკოზაშვილისთვის 2015 წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ერთი თვის წინ ის ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.