Share


გუნდური გამარჯვება თბილისის გრან სლემზე

2023-03-26 23:16:50

საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან სლემზე 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გელა ზაალიშვილი. ვერცხლის მედლებს გიორგი სარდალაშვილი და ლუკა მაისურაძე დაეუფლნენ. ხოლო ბრინჯაოს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებისთვის „თბილისი არენაზე“ გამართულ გრან სლემზე განსაკუთრებით შთამბეჭდავი შეჯიბრების მესამე დღე გამოდგა. ქართველმა ძიუდოისტებმა ამ დღეს ვაჟთა შორის გამართულ სამივე წონით კატეგორიაში ოქროს მედლები მოიპოვეს. -90კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა, სადაც ოლიმპიური ჩემიონი ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონს ლუკა მაისურაძეს დაუპირისპირდა. გამარჯვება ლაშა ბექაურს დარჩა, რომელიც თბილისის ტურნირში პირველად მონაწილეობდა.

-100კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ილია სულამანიძე, რომელმაც თბილისის გრან სლემი პირველად მოიგო. ილია პირველ ნომრად იყო განთესილი და მთელი ტურნირის დროს საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ამ გამარჯვების შემდეგ მან მსოფლიოს რეიტინგში პირველი პოზიცია დაიბრუნდა.

+100კგ წონით კატეგორიაში თბილისის გრან სლემი ზედიზედ მესამედ მოიგო გელა ზაალიშვილმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გელას გამარჯვება ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან კუბელ ანდი გრანდასთან.

შეჯიბრების პირველ დღეს ზედიზედ მეორედ დაეუფლა ვერცხლის მედალს 19 წლის გიორგი სარდალაშვილი, რომელიც -60კგ წონით კატეგორიაში აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვთან დამარცხდა.

შეჯიბრების მეორე დღეს -73კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი  ლაშა შავდათუაშვილი გახდა. ამ წონაში სპეციალისტები ლაშას და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის მონღოლი ტსოგტბაატარ ტსენდ-ოჩირის დაპირისპირებას ვარაუდობდნენ, მაგრამ მონღოლი ძიუდოისტი მესამე წრეში  20 წლის კოტე კაპანაძემ დაამარცხა. შავდათუაშვილი კი მეოთხედფინალში სხვა მონღოლთან ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან ერდენებაიარ ბატზაიასთან დამარცხდა.

წლეულს თბილისის გრან სლემზე 61 ქვეყნის 419 ძიუდოისტი მონაწილეობდა.

სრული შედეგები