ევროპის ჩემპიონატზე კადეტთა შორის შეჯიბრის მეორე დღეს საქართველოს ვაჟთა ნაკრების ხუთივე წევრმა მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონი -73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა დუდაშვილი გახდა. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გოგა ქევხიშვილი (-81კგ) და ზაურ კენჭაძე (-90კგ), ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ონისე სანებლიძემ (-90კგ) და გელა ზაალიშვილმა (+90კგ). საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა 8 წონითი კატეგორიიდან 7-ში მედალი მოიპოვა (ჯამში 8 მედალი: 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო) და ამ მაჩვენებლით ყველა ქვეყანას აჯობა. ოქროს მედლების გათვალისწინებით საქართველოს ვაჟთა ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, ქართველი გოგონების კიდევ ერთი წარმატება. -57კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ ჭანტურიამ. ქართველმა გოგოებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში (1 ოქრო, 1 ბრინჯაო) მეოთხე ადგილი დაიკავეს.
ვაჟთა და ქალთა საერთო ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.
კვირას გუნდური ჩემპიონატი გაიმართება, სადაც იასპარეზებს, როგორც საქართველოს ვაჟთა, ისე ქალთა ნაკრები.