Share


აღმასკომის სხდომა

2015-01-09 20:31:27

2015 წლის 9 იანვარს გაიმართა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა, სადაც იმსჯელეს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მზადების ახლებური სისტემის შესახებ. 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაკრების წევრების მომზადებას ამ ოლიმპიადისთვის, ამიტომ ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა აღმასკომის წევრებს შესთავაზა ინდივიდუალურად მიუდგნენ იმ ძიუდოისტების მომზადებას, რომლებიც მოიაზრებიან ოლიმპიური თამაშების მონაწილეებად. თითოეულ ასეთ სპორტსმენს უშუალოდ ეყოლება მწვრთნელი კურატორი, რომელიც ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად, სპორტსმენის შეხედულებების გათვალისწინებით, შეიმუშავებს მომზადების გეგმას და ამ გეგმას წარუდგენენ ფედერაციის აღმასკომთან შექმნილ სპეციალურ საბჭოს, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სახელოვანი მწვრთნელებითა და ტიტულოვანი სპორტსმენებით. საბჭო საქმის კურსში იქნება თუ როგორ მიმდინარეობს თითოეული ძიუდოისტის მომზადების პროცესი,  დაგეგმვის შედეგად თუ რომელ შეჯიბრში უნდა მიაღწიოს ძიუდოისტმა წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგს.  თავის მხრივ, საბჭო რეკომენდაციებით დაეხმარება მწვრთნელებს. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა არსებულ კონტინგენტს დაემატება კიდევ ორი მწვრთნელი.

აღმასკომმა იმსჯელა ახალგაზრდული და კადეტთა ნაკრებების შესახებაც. საერთაშორისო კალენდრის მიხედვით, კადეტთა ნაკრები წლის პირველ ნახევარში, ფაქტობრივად, ასრულებდა სეზონს, ხოლო ახალგაზრდულ ნაკრებს სეზონის უმთავრესი შეჯიბრებები წლის მეორე ნახევარში ჰქონდა, ამიტომ ორივე ნაკრების წევრთა უკეთ მომზადებისა და მათი დაოსტატების მიზნით გადაწყდა ამ ნაკრებების გაერთიანება. ორივე ნაკრების მწვრთნელები ერთად იმუშავებენ და ამასთანავე იზრუნებენ, რომ 2016 წლის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ძიუდოისტებს გაუიოლდეთ ასპარეზობა უფროსი ასაკის ძიუდოისტთა ტურნირებში.

აღმასკომმა ხმათა უმრავლესობით ნაკრების მზადების ახლებური სისტემა მოიწონა. ფედერაციის პრეზიდენტს დავით ქევხიშვილს უფლება მიეცა ერთი კვირის ვადაში დანიშნოს ეროვნული ნაკრების ორი ახალი მწვრთნელი და ამავე დროს, დაასახელოს ის მწვრთნელები, რომლებიც გაუძღვებიან ახალგაზრდულ და კადეტთა ნაკრებებს.