Share


აღმასკომის ორი დებულება

2014-12-03 21:29:37

2 დეკემბრის სხდომაზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომმა ორი დებულება მიიღო: 

1. დებულება ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრთა წონის კლებასთან დაკავშირებით

2. დებულება სხვადასხვა სპორტის სახეობაში გამოსვლასთან დაკავშირებით

 

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის დებულება ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრთა წონის კლებასთან დაკავშირებით

ჭაბუკთა (უმცროსი ასაკის ჭაბუკთა) და ახალგაზრდული ნაკრები გუნდის სპორტსმენთა ოფიციალურ შეჯიბრზე პირველ ნომრად წარდგენას იმ შემთხვევაში, როდესაც მისი წონა საშეჯიბრო წონასთან მიმართებაში არის ჭაბუკებში (უმცროს ასაკის ჭაბუკებში) 2 კგ-ით, ხოლო ახალგაზრდებში 3 კგ-ით მეტი ნაკრები გუნდის მწვრთნელებთან ერთად წყვეტს აღმასკომის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია.

აღნიშნული დებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მოხდეს ჩემპიონებისა და პრიზიორების წონის კონტროლი ყოველი შიდა სარეიტინგო და საქართველოს პირველობების დამთავრებისთანავე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირად მწვრთნელებს მიეცეთ მითითება არ დაუშვან შიდა სარეიტინგო და საქართველოს პირველობებზე ამ კატეგორიის სპორტსმენთა მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება საბოლოო, რა დროსაც შესაძლებელია, მიუხედავად სპორტსმენის მიერ დაკავებული საპრიზო ადგილისა, მას აეკრძალოს ასპარეზობა, როგორც  ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ასევე სხვადასხვა ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირზე. 

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ დებულების მიღება განპირობებულია სპორტსმენთა ჯანმრთელობის დაცვისა და უფროს ასაკში მათ მიერ უკეთესი შედეგის მიღწევისათვის.

 

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის დებულება სხვადასხვა სპორტის სახეობაში გამოსვლასთან დაკავშირებით

საქართველოს ძიუდოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდის წევრის სურვილი ერთჯერადად სხვა სპორტის სახეობაში გამოსვლასთან დაკავშირებით უნდა შეთანხმდეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებით სპორტსმენს მიეცემა დისკვალიფიკაცია. საქართველოს ნაკრები გუნდის წევრად ჩაითვლება სპორტსმენი, რომელსაც ერთხელ მაინც მიუღია მონაწილეობა ფედერაციის მიერ დაფინანსებულ სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაში, ან საერთაშორისო ტურნირზე.