Share


ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის კომისრები თბილისში

2014-01-15 20:16:45

   თბილისის გრან პრის საორგანიზაციო საკითხების ინსპექტირებისთვის  საქართველოში იმყოფებიან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის კომისრები ლიზა ალანი და მარიან კლაუდიუ ჩიმოიუ. ისინი სამი დღის განმავლობაში დარჩებიან თბილისში და ადგილზე გაეცნობიან გრან პრის ორგანიზებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს. მათ შეხვედრა ექნებათ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, ტურნირის სატელევიზიო ტრანსლირებასთან დაკავშირებით შეხვდებიან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას, მოინახულებენ სპორტის  სასახლეს და იმ სასტუმროებს, სადაც განთავსებულნი იქნებიან სტუმრები და სადაც ჩატარდება გრან პრისთან დაკავშირებული ოფიციალური ღონისძიებები.

   სპორტის სასახლეში გრან პრი 21-23 მარტს უნდა გაიმართოს. თბილისში მსგავსი რანგის შეჯიბრი პირველად ტარდება. გრან პრის ტურნირებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია 2009 წლიდან ატარებს. საქართველოში ტურნირის გამართვა შარშან ნოემბერში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მარიუს ვიზერის თბილისში სტუმრობის დროს გადაწყდა, როდესაც ხელი მოეწერა სამმხრივ ხელშეკრულებას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას, საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის.