Share


უმცროსი ძიუდოისტების წარმატება უკრაინაში

2013-08-20 13:58:19

    უკრაინის ქალაქ გასპრაში გაიმართა ტრადიციული მე-18 საერთაშორისო ტურნირი ”ზაფხული-2013”, ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავეს როგოც ვაჟთა, ისე გოგონათა შორის. აღსანიშნავია, რომ ვაჟებში ქართველები ორი გუნდით მონაწილეობდნენ და  ეს გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ. აქ მესამე ადილზე უკრაინული ყირიმის და რუსული ლიპეცკის გუნდები გავიდნენ.

    გოგონებში კი ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალში უკრაინული ხმელნიცკის გუნდი დაამარცხეს. ბრინჯაოს მედლები ყირიმის და ლვოვის გუნდებმა მოიპოვეს.

    პირად პირველობაში გოგონებში ჩემპიონები გახდნენ ნატა ყიფშიძე და ეთერ ლიპარტელიანი, ხოლო თამარ მჭედლიშვილმა და თათია მიქაბერიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

    ბიჭებში ოქროს მედლები მოიპოვეს ბაგრატ ნინიაშვილმა და ნიკა ლაბაძემ. მეორე ადგილზე გავიდნენ ვანო ხუბაშვილი, ალეკო სულაკაძე და ნიკა სიდამონიძე, ხოლო ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ვანო ნინიაშვილი, გელა გარაყანიძე და ონისე სანებლიძე.

    საქართველოდან ტურნირში ის ძიუდოისტები მონაწილეობდნენ, რომლებიც თამაზ კარიაულის მწვრთნელთა ჯგუფის ხელმძღვანელობით 2015 წელს თბილისში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის სპეციალური პროგრამით ემზადებიან.

    ტურნირში 8 ქვეყნის 13-დან 16 წლამდე ასაკის 300-ზე მეტმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ისინი ერთმანეთს ღია ცის ქვეშ გაშლილ ტატამზე ეჯიბრებოდნენ. საქართველოს ნაკრებთან ერთად შეჯიბრში მონაწილეობდა უკრაინის რამდენიმე გუნდი ამ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, აგრეთვე რუსეთის, ყაზახეთის, ბელარუსის, უზბეკეთის, ისრაელის და მოლდოვას გუნდები.