Share


ძიუდოს გაკვეთილები სკოლებში

2013-07-29 19:12:19

    29 ივლისს ყვარელში დაიწყო სემინარი თემაზე „ძიუდოს გაკვეთილები სკოლაში“ – “Judo lessons at school”. საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ სემინარის ჩასატარებლად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით, მოიწვია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუქტორები იაპონელი ჰიროში კატანიში და ფრანგი პატრიკ რუქსი.

    მრავალი წელია ევროპის ძიუდოს კავშირი ბავშვების ფიზიკური აღზრდისა და განათლებისთვის ახორციელებს პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სკოლებში ძიუდოს სწავლებას 8-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის. ამ პროგრამაში ჩართვით საქართველო უერთდება მემორანდუმს “ძიუდოს გაკვეთილები სკოლაში“.

    პირველ ეტაპზე საპილოტო პროგრამა განხორციელდება ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლებში და დაიწყება 2013 წლის სექტემბერში. ჰიროში კატანიშიმ და პატრიკ რუქსმა დღეს სკოლების დირექტორებსა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებს აუხსნეს პროგრამის  მნიშვნელობა, აჩვენეს პრაქტიკული სავარჯიშოები, წარუდგინეს სახელმძღვანელო ლიტერატურა და ვიდეოგაკვეთილები, რამაც პედაგოგთა დიდი ინტერესი გამოიწვია. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, ყვარლის საგამანათლებლო რესურსცენტრთან ერთად და მას ზედამხედველობას უწევს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ქევხიშვილი.

    დღესვე დღის მეორე ნახევარში ჰიროში კატანიშიმ და პატრიკ რუქსმა ყვარლის სპორტის სასახლეში  სემინარი ჩაუტარეს საქართველოს ყველა რეგიონიდან მოწვეულ პროფესიონალ მწვრთნელებს. 30 ივლისს სემინარი დღის ბოლომდე გაგრძელდება.