Share


პაპინაშვილი პირველია

2013-07-25 17:00:36

    ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დღეს 25 ივლისს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

ამირან პაპინაშვილმა მოსკოვის გრან სლემზე გამარჯვების შემდეგ  -60კგ წონით კატეგორიაში  გადაასწარო იაპონელ ნაოჰისა ტაკატოს და რეიტინგის სათავეში მოექცა. იგი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ ნომრად იქნება განთესილი.

    -66კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა მესამე პოზიცია შეინარჩუნა. მსოფლიოს ჩემპიონატამდე მას დააკლდება შარშან ოლიმპიადაზე მოპოვებული ქულები, მაგრამ ჩემპიონატზე განთესილებს შორის მაინც იქნება.

    -73 კგ წონით კატეგორიაში ამჟამად მეთერთმეტე პოზიციაზეა ზებედა რეხვიაშვილი, მაგრამ რეიტინგში მის წინ მდგომ რამდენიმე ძიუდოისტს მომდევნო რეიტინგის გამოქვეყნებისას უკვე გამოკლებული ექნება შარშან ოლიმპიადაზე მოპოვებული ქულები და შესაბამისად, რეხვიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე მეშვიდე  ნომრად იქნება განთესილი. ამავე წონაში მე-19 პოზიცია შეინარჩუნა ნუგზარ ტატალაშვილმა.

    -81 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა მეორე, ხოლო ლევან წიკლაურმა მეშვიდე პოზიცია შეინარჩუნა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის შემთხვევაში ორივე მათგანი განთესილებს შორის მოხვდება.

    -90კგ-ში უცვლელი დარჩა ლიდერთა ოთხეული. ვარლამ ლიპარტელიანი ისევ მეორე პოზიციაზეა, თუმცა მის წინ მდგომ კუბელ ეშლი გონსალესს ცოტა ხანში მოაკლდება შარშან ოლიმპიადაზე მოპოვებული ქულები და ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ ნომრად იქნება განთესილი.

    -100კგ-ში ქართველთაგან საუკეთესო ლევან ჟორჟოლიანი 30-ეა.

    +100კგ-ში ადამ ოქრუაშვილმა მესამე პოზიცია შეინარჩუნა. აქ ლიდერი ჯერ-ჯერობით ისევ ფრანგი ტედი რინერია, მაგრამ მას შემდეგ რაც ძიუდოისტებს გამოაკლდებათ ოლიმპიადის ქულები, რინერი მეორე პოზიციაზე გადაინაცვლებს და ადამ ოქრუაშვილი და ტედი რინერი მსოფლიოს ჩემპიონატზე კენჭისყრისას ბადის ერთ მხარეს მოხვდებიან.