Share


საქართველოს ნაკრები შეკრებაზე გაემგზავრა

2013-07-24 14:50:43

     საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 24 -31 ივლისს რუსეთის ქალაქ სოჭში ევროპის ძიუდოს კაშირის ეგიდით გამართულ საერთაშორისო შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას. მოსკოვში გრან სლემზე ასპარეზობის შემდეგ ქართველი ძიუდოისტების ნაწილი პირდაპირ სოჭში გაფრინდა, ნაწილიც საქართველოში დაბრუნდა. სოჭში მოსკოვიდან გაეგზავრნენ: ამირან პაპინაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ლევან წიკლაური, ვარლამ ლიპარტელიანი, ნოდარ მეტრეველი და ადამ ოქრუაშვილი. მათ სოჭში შეუერთდნენ თბილისიდან გამგზავრებულები: ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან ჟორჟოლიანი.

     როგორც ცნობილია, ლევან წიკლაურმა მოსკოვში ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო და გრან სლემზე ასპარეზობა ვერ  შეძლო. წიკლაურს ფეხი აწუხებს. მას სურათი მოსკოვშივე გადაუღეს და მდგომარეობა არც თუ სახარბიელოა. როგორც ექიმები აღნიშნავენ, წიკლაური საოპერაციოა. ოპერაციის შემთხვევაში მისი ასპარეზობა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამორიცხულია. არსებობს შანსი, რომ მან როგორმე ოპერაციის გარეშე მოახერხოს ვარჯიში და ოპერაცია მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გაიკეთოს. ბევრი რამ მის ორგანიზმზეც იქნება დამოკიდებული და სოჭში შეკრებაზე გადაწყდება, შეძლებს თუ არა ლევან წიკლაური მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას.