Share


დებულება სპორტსმენთა და მწვრთნელთა ურთიერთობის შესახებ

2013-05-19 18:11:05

            19 მაისს საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც მიიღეს დებულება სპორტსმენთა და მწვრთნელთა ურთიერთობის შესახებ:

1. სპორტსმენის მიერ  პირადი მწვრთნელის შეცვლა უნდა მოხდეს საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციასთან შეთანხმებით, რა დროსაც ფედერაცია  იმჟამინდელ და მომავალ მწვრთნელებთან ერთად განიხილავს ყველა დეტალს და მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ფედერაციის გარეშე ამ საკითხის გადაწყვეტა ჩაითვლება ბათილად და დავის წარმოშობის შემთხვევაში საკითხი გადაწყდება პირველი მწვრთნელის სასარგებლოდ. ამავე დროს სპორტსმენებს ეკრძალებათ პირად მწვრთნელად ჰყავდეთ ისეთი პიროვნება, რომელიც არ მოღვაწეობს ამ კუთხით, რაც უნდა გამოიხატებოდეს სისტემატური საწვრთნელი პროცესის წარმართვაში.

2. ამავე დებულებით აეკრძალოს ეროვნული და ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს პირადი მოსწავლის ყოლა. ამჟამინდელ მთვარ მწვრთნელებს დაევალოთ ერთი თვის ვადაში წარმოადგინონ იმ სპორტსმენთა სია, რომელთა პირად მწვრთნელებადაც ითვლებიან და ასეთის წარმოდგენის შემთხვევაში გამონაკლისის სახით ეს დებულება არ გავრცელდეს მათზე. ზემოაღნიშნული შეეხოს აგრეთვე მთავარი მწვრთნელის თანაშემწეებს, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც მათ აქვთ დამოუკიდებლად გახსნილი სპორტული სექცია და მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებით, ნაკრების სამწვრთნელო პროცესისგან თავისუფალ დროს ატარებენ ვარჯიშებს.