Share


ილია სულამანიძე მსოფლიოს ჩემპიონია!

2026-10-09 22:29:10

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი ილია სულამანიძემ მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა -100 კგ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა და კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ილიამ ტურნირი უნგრელი შომბორ ვეგის დამარცხებით დაიწყო. შემდეგ ეტაპზე ქართველმა ძიუდოისტმა მოლდოველ ვადიმ გიმბოვსკის აჯობა, მეოთხედფინალში კი რუსი ნიაზ ბილალოვი დაამარცხა.

ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ილიას მეტოქე იტალიელი ჯენარო პირელი იყო, რომელიც ბაქოს ტურნირს ევროპის ჩემპიონისა და მიმდინარე სეზონში მოპოვებული რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ შეხვდა. სულამანიძემ იტალიელ ძიუდოისტს იპონით მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველის მეტოქე იაპონელი დოტა არაი იყო. დაძაბულ და ტაქტიკურ ბრძოლაში ძირითად დროში გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა და შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა.

გადამწყვეტ მომენტში არაის შეტევა თავდაპირველად ვაზარით შეფასდა, თუმცა ვიდეოგადახედვის შემდეგ მსაჯებმა დაადგინეს, რომ ილეთის შესრულებისას კონტროლი ილიას ჰქონდა. შედეგად, ქულა ქართველ ძიუდოისტს მიენიჭა — სულამანიძემ იუკოთი გაიმარჯვა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ილია სულამანიძისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული პირველი ოქროს მედალია. 2021 წელს მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ბაქოში მოპოვებული ოქროს მედლით ილია სულამანიძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონი მეათე ქართველი ძიუდოისტი გახდა.