Share


ტატო გრიგალაშვილი - მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი!

2026-10-07 22:08:18

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა -81კგ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა და მსოფლიოს ჩემპიონი კარიერაში მეოთხედ გახდა.

ტატო გრიგალაშვილმა ტურნირი დამაჯერებლად დაიწყო და ფინალისკენ მიმავალი გზიდან ჩამოიცილა არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი გაჯიმურად ომაროვი, შვეიცარიელი აურელიენ ბონფერონი, სლოვენიელი ნასე ჰერკოვიჩი, სერბი მიჰაილო სიმინი და ზედიზედ მეექვსედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში.

გადამწყვეტ შეხვედრაში გრიგალაშვილის მეტოქე მასპინძელი აზერბაიჯანელი ზელიმ ცკაევი იყო. ათასობით გულშემატკივრის წინაშე, შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. ძირითად დროში გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა და ბრძოლა დამატებით დროში გაგრძელდა, სადაც ტატო გრიგალაშვილმა შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა.

გრიგალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე აქამდე ოქროს მედლები 2022, 2023 და 2024 წლებში მოიპოვა, 2021 და 2025 წლებში კი ვერცხლის მედლებს დაეუფლა.

ბაქოში მოპოვებული ოქროს მედლით ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გახდა და კიდევ ერთხელ დაწერა ქართული ძიუდოს ისტორია. ქართველის ძიუდოისტებიდან, მის გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერთზე მეტი ოქროს მედალი მხოლოდ თემურ ხუბულურს აქვს მოპოვებული 1979 და 1981 წლებში. მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში კი ფრანგი ტედი რინერის შემდეგ ვაჟთა შორის მეორე ძიუდოისტია, რომელმაც ზედიზედ ექვსჯერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალში გასვლა.

ბაქოს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე სამი მედალია — ტატო გრიგალაშვილის ოქრო, ეთერ ლიპარტელიანის ვერცხლი და გიორგი სარდალაშვილის ბრინჯაო.