ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მეორე მედალია. -57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.
ლიპარტელიანმა ასპარეზობა ურუგვაელი მაია ლეოპოლდის დამარცხებით დაიწყო. შემდეგ ეტაპზე ქართველმა ძიუდოისტმა ბრაზილიელ სარა სოუზას აჯობა, მეოთხედფინალში კი ხორვატ ანა ვიქტორია პულჟისთან გამარჯვება მოიპოვა.
ნახევარფინალში ეთერ ლიპარტელიანის მეტოქე გერმანელი სეია ბალჰაუსი იყო. ქართველმა ძიუდოისტმა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და გამარჯვებით მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
გადამწყვეტ ბრძოლაში ლიპარტელიანის მეტოქე იაპონელი აკარი ომორი იყო. შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა და ბრძოლა დამატებით დროში გაგრძელდა, სადაც გაფრთხილებებით უპირატესობას ქართველი ძიუდოისტი ფლობდა, მაგრამ იაპონელმა ქვეჭიდში 5 წამიანი შებოჭვით მოპოვებული იუკოთი გაიმარჯვა.
ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი დაისაკუთრა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ -57კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტებს შორის იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელიანი ბაქოში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის რანგში ასპარეზობდა. 2025 წელს მან ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ახლა კი ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში გასვლით საქართველოს კიდევ ერთი მედალი მოუტანა.
ამრიგად, ბაქოს მსოფლიოს ჩემპიონატის სამივე დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია — გიორგი სარდალაშვილის ბრინჯაო და ეთერ ლიპარტელიანის ვერცხლი.







