Share


გიორგი სარდალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია

2026-10-04 21:59:19

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა.

-60კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირი მეორე ნომრად განთესილ ისრაელის წარმომადგენელ იჟაკ აშპიზთან გამარჯვებით დაიწყო. სარდალაშვილმა მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მერვედფინალში გიორგი სარდალაშვილმა პორტუგალიელ ბრაიან ტრალაო ფერნანდეშს მოუგო და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

მეოთხედფინალში მისი მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა იყო. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება იაპონელმა ძიუდოისტმა მოიპოვა, რის შემდეგაც სარდალაშვილმა ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლამდე ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგ რომენ ვალადიე-პიკარს აჯობა და მესამე ადგილისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

საპრიზო ადგილისთვის შეხვედრაში სარდალაშვილის მეტოქე ტაივანელი იუნგ ვეი იანგი იყო. გიორგი მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურად უტევდა, საბოლოოდ მეტოქე შებოჭვით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

სარდალაშვილისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული მესამე მედალია. ქართველმა ძიუდოისტმა 2023 წელს დოჰაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2024 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.