თორნიკე გიგაური პერუს დედაქალაქ ლიმაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. -66კგ წონით კატეგორიაში მან ფინალში დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ძიუდოს საერთაოშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსეთის წარმომადგენელი აბდულახ პარჩიევი. ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა ოთხი შეხვედრა მოიგო. გიგაურმა პირველ შეხვედრაში ყაზახი აკილჟან ჟუბატკანოვი დაამარცხა. შემდეგ რევანში აიღო ლიეტუველ სიმას პოლიკევიჩუსთან, რომელმაც ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი არ დაუთმო. მეოთხეფინალში მან დამატებით დროში მოუგო პირველ ნომრად განთესილ უზბეკ დილშოდბეკ ჰამროიევს. ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ნიზამი იმრანოვს სძლია.
19 წლის თორნიკე გიგაური წლეულს ახალგაზრდებს შორის ევროპის თასზე ავსტრიის ქალაქ გრაცში გამარჯვებული გახდა, პრაღაში კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ევროპის ჩემპიონატზე ბრატისლავაში მეხუთე ადგილზე დარჩა. წლის მთავარი შეჯიბრება მსოფლიოს ჩემპიონატი კი ჩემპიონის რანგში დაასრულა.
თორნიკე გიგაური ძიუდოს აკადემიის აღზრდილია, სადაც მწვრთნელ ლევან კოშაძესთან ვარჯიშობს.