Share


იოანე აბალაკი მსოფლიოს ჩემპიონია

2025-08-30 22:44:23

იოანე აბალაკი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში კადეტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. +90კგ წონით კატეგორიის ფინალში მან დამატებით დროში იაპონელი კაიტო ტოკიტა დაამარცხა. პირველ წრეში აბალაკმა ნიდერლანდელ ძიუდოისტს მოუგო, შემდეგ დაძლია რუსი, უზბეკი და ჩეხი მეტოქეების წინააღმდეგობა და ფინალშიც გავიდა.

17 წლის იოანე აბალაკმა წლეულს ევროპის ჩემპიონატზე კადეტებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იგი გორის ძიუდოს კლუბის „გორიჯვარის“ აღზრდილია, რომლის მწვრთნელი მალხაზ ავაზნელია.

ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი ქარჩაიძემ, რომელმაც ერთადერთი შეხვედრა ნახევარფინალში სწორედ იაპონელ ძიუდოისტთან წააგო და ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული შედეგი გაიმეორა.

საქართველოს ნაკრებმა სოფიაში გამართულ მსოფიოს ჩემპიონატზე საერთო ჯამში 1 ოქროს 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედლის მფლობელი -81კგ წონით კატეგორიაში გიორგი მუმლაძე გახდა. ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს ვასილ გამეზარდაშვილმა, გიორგი ზურაბაშვილმა და ქეთი რობაქიძემ.