საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალურ შეხვედრაში 4-1 დაამარცხეს სამხრეთ კორეის ნაკრები და ოქროს მედლები მოიპოვეს. მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდურ შეჯიბრებაში მსგავსი ფორმატით, ანუ ვაჟთა და გოგონათა შერეულ გუნდებს შორის ტარდება, საქართველოს ნაკრები პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. აქამდე ჩვენს ნაკრებს ბოლო ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული. საქართველოს ნაკრებმა ამით დაამხო იაპონიის ნაკრების ჰეგემონია, რომელიც 2017 წლიდან მოყოლებული, როდესაც დაიწყო ჩემპიონატის მსგავსი ფორმატით ჩატარება, ამ შეჯიბრების მუდმივი გამარჯვებული იყო. იაპონელებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ზედიზედ შვიდჯერ მოიგეს. ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დაპირისპირება ნახევარფინალში მოუწიათ და ეს შეხვედრა 4-2 დასრულდა. მანამდე საქართველოს ნაკრებმა 4-1 დაამარცხა ჩინეთი და 4-0 იტალია.
ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ იაპიონიისა და გერმანიის ნაკრებები.
საქართველოს ნაკრებს ოთხივე შეხვედრაში ერთი შემადგენლობა ჰყავდა: ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ), მიხეილ ბახბახაშვილი (-73კგ), მარიამ ჭანტურია (-70კგ), ლაშა ბექაური (-90კგ), სოფიო სომხიშვილი (+70კგ), გურამ თუშიშვილი (+90კგ). მათ გარდა ოქროს მედლები გადაეცათ: ნინო ლოლაძეს, ეთერ ასკილაშვილს, ლუკა მაისურაძეს და საბა ინანეიშვილს. გუნდის მთავარი მწვრთნელები: ლაშა გუჯეჯიანი და გიორგი თენაძე.
საქართველოს ნაკრები ვაჟთა შორის სამჯერ (2006, 2008, 2013) ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. ვაჟთა და ქალთა შერეულ გუნდურ ჩემპიონატში კი პირველად გახდა გამარჯვებული.