Share


ეთერ ლიპარტელიანის ისტორიული გამარჯვება

2025-06-15 20:10:51

ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. აქამდე ძიუდოს ისტორიაში ქართველ ქალებს მსოფლიოს ჩემპიონატზე არათუ ოქროს, საერთოდ არანაირი სინჯის მედალი არ ჰქონდათ მოპოვებული. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანმა -57კგ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო. ფინალში მან იაპონელი მომო ტამაოკი დამაჯერებლად დაამარცხა. მანამდე კი სძლია სამხრეთ კორეელ ჯუჰი კიმს, რუსეთის წარმომადგენელს დარია კურბანმამადოვას, ფინელ ფილა სალონენს და თურქმენ მაისა პარდაიევას.

25 წლის ეთერ ლიპარტელიანი აგრძელებს ქართული ძიუდოს ისტორიის წერას. ის პირველი ქართველი ქალია, რომელიც ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. შემდეგ პირველი იყო, რომელმაც ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გახდა პირველი ქართველი ქალი 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. პირველი იყო აგრეთვე, რომელიც გახდა გრან სლემის გამარჯვებული. წლეულს მან პირველად მოიპოვა ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე. ამჯერად კი უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა. მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატამდე ის წითელი საზურგე არშიის მატარებელი იქნება.