Share


საქართველო ევროპის ჩემპიონია

2025-04-27 18:56:24

საქართველოს ვაჟთა და ქალთა ნაკრები მონტენეგროში ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა დრამატულ ბრძოლაში 4-3 დაამარცხეს იტალიის ნაკრები. გადამწყვეტი გამარჯვება გუნდს სოფიო სომხიშვილმა (+70კგ) მოუტანა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ასია ტავანო დამატებით შეხვედრაში დაამარცხა. აღსანიშანავია, რომ ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ძიუდოისტმა გოგონებმა, რომლებმაც ფინალში გამართული 4 შეხვედრიდან 3 მოიგეს. მარიამ ჭანტურიამ (-70კგ) თავისი მეტოქის დამარცხებით გუნდს პირველი ქულა მოუტანა. ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ) კი - ანგარიში 3-3 გახადა, რომლის შემდეგაც გადამწყვეტი შეხვედრის წონითი კატეგორია კენჭისყრას უნდა გადაეწყვიტა. კენჭისყრამ სომხიშვილს რევანშის აღების შანსი მისცა, მანაც ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაამარჯვებინა.  საქართველოს ნაკრებში ვაჟებიდან ფინალში მიხეილ ბახბახაშვილმა (-73კგ), ლუკა მაისურაძემ (-90კგ) და გურამ თუშიშვილმა (+90კგ) იასპარეზეს.

ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა აზერბაიჯანი (4-0), ავსტრია (4-1) და გერმანია (4-0).

ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელები გერმანიისა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსეთის ნაკრებები გახდნენ.

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში მეთორმეტედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. ხოლო მას შემდეგ, რაც გუნდური შეჯიბრება ვაჟებსა და ქალთა შერეულ გუნდებს შორის ტარდება, მესამედ გახდა ამ შეჯიბრების გამარჯვებული. ამ მხრივ საქართველო ევროპაში აბსოლუტური ლიდერია.