ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატზე პოდგორიცაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. იგი -57კგ წონითი კატეგორიის ფინალში ვერაფერს გახდა გერმანელ სეია ბალჰაუსთან დაპირისპირებაში. ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც პირველ ნომრად იყო განთესილი დაამარცხა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსი დარია კურბონმამადოვა, შვეიცარიელი ბინტა ნდიაე, ნახევარფინალში კი ისრაელის წარმომადგენელს ტიმნა ნელსონ ლევის სძლია.
ეთერ ლიპარტელიანი უფროსებს შორის პირველად იყო ევროპის ჩემპიონატის ფინალში და მის კარიერაში ეს საუკეთესო შედეგია, თუმცა მას აქვს ევროპის ღია ჩემპიონატის ოქროს მედალი, რომელიც მან კოსოვოში ევროპის ძიუდოს კავშირის ეგიდით გამართულ შეჯიბრებაში მოიპოვა. მაშინ შეჯიბრება ქალებში მხოლოდ -57კგ-ში ჩატარდა.
ევროპის ჩემპიონატზე ამავე წონით კატეგორიაში ნინო ლოლაძემ პირველი შეხვედრა მოიგო, მაგრამ შემდეგ დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა. -63კგ-ში პირველივე შეხვედრა წააგო ეთერ ასკილაშვილმა. -73კგ-ში კი ლაშა შავდათუაშვილმა სამი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ შემდეგ ორი შეხვედრა წააგო და მედლის გარეშე დარჩა.