12-13 აპრილს თბილისი კადეტთა შორის ევროპის თასს მასპინძლობს. შეჯიბრება ევროპის ძიუდოს კავშირის ეგიდით ტარდება და კადეტთა მსოფლიო რეიტინგში ჩასათვლელ ქულებს იძლევა. ევროპის თასზე მონაწილეობას მიიღებს 15 ქვეყნის 340 სპორტსმენი. შეჯიბრება „თბილისი არენაზე“ ჩატარდება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება. წინასწარი შეხვედრები შეჯიბრების ორივე დღეს 10:00-ზე დაიწყება.
ევროპის თასი კადეტთა შორის საქართველოში უკვე მესამე წელია ტარდება. ორი წლის წინ ამ შეჯიბრებას გორმა უმასპინძლა. შარშან კი - თელავმა. წლეულს ჩვენს ქვეყანაში ძიუდოში უკვე მესამედ ტარდება საერთაშორისო შეჯიბრება. მარტში თბილისში ჩატარდა ევროპის თასი ვეტერანთა შორის და გრან სლემი. კიდევ დაგეგმილია ევროპის თასის ჩატარება უფროსებს შორის, რომელიც 10-11 მაისს გორში გაიმართება.