საქართველოს ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ პილაში გამართული ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდელთა შორის ტრიუმფით დაასრულა. შეჯიბრების ბოლო დღეს შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ქართველი ძიუდოისტები ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა პირველ წრეში დაისვენეს და შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთვნენ, სადაც 4-3 დაამარცხეს რუმინეთის ნაკრები. ნახევარფინალში მათ 4-1 სძლიეს გერმანიის ნაკრებს. ხოლო ფინალში 4-3 დაამარცხეს უკრაინის ნაკრები. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზეს გიორგი ტერაშვილმა, გიორგი ლოლაძემ, აკაკი ჯაფარიძემ, ირაკლი დემეტრაშვილმა, ნინო ლოლაძე, ეთერ ასკილაშვილმა და ნინო პაპიძემ. საქართველოს ნაკრები გამარჯვებამდე მწვრთნელებმა ლომერ ჟორჟოლიანმა და კახა მოცრაძემ მიიყვანეს. საქართველოს ნაკრები ევროპის შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე 23 წლამდელთა შორის მეორედ გახდა გამარჯვებული. პირველად ეს ტიტული ქართველმა ძიუდოისტებმა სამი წლის წინ მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა ინდივიდუალური შეჯიბრების შედეგების მიხედვითაც. აქ ქართველმა ძიუდოისტებმა 3 ოქროს 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონები გახდნენ გიორგი ტერაშვილი (-73კგ), კოტე კაპანაძე (-81კგ) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100კგ). ვერცხლის მედალი ნინო ლოლაძემ (-57კგ) დაისაკუთრა. ბრინჯაოს მედალს კი თენგო ზირაქაშვილი (-66კგ) დაეუფლა.