ლუკა ჯავახიშვილი ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. -81კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მან ზედიზედ ხუთი შეხვედრის მოგებით მოიპოვა. ფინალურ დაპირისპირებაში ლუკამ ჩინელ ჯიანან ვანგს აჯობა, თუმცა მანამდეც საკმაოდ ძლიერი მეტოქეები ჰყავდა. შეჯიბრებაზე ის მეხუთე ნომრად იყო განთესილი და პირველ წრეში დასვენება მოუწია. პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა ლიეტუველ ალგირდას ზულისთან. შემდეგ სძლია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსეთის წარმომადგენელს ახმედ ტურლიევს და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მასპინძელი მუჰამად იუსუფზოდას წინააღმდეგობა დაძლია. კიდევ ერთ ტაჯიკს სუნატულოი მუსოევს მან ნახევარფინალში აჯობა.
18 წლის ლუკა ჯავახიშვილმა თავის კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. წლეულს იგი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ორი წლის წინ კი მსოფლიოს ჩემპიონატზე კადეტთა შორის ვერცხლის მედლის მფლობელი იყო. ლუკა ჯავახიშვილი თბილისური კლუბის „შევარდენი 2005“-ის აღზრდილია და იგი მწვრთნელ სპარტაკ გორგაძესთან ვარჯიშობს.
ჩემპიონატის დასკვნით დღეს +100კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა საბა ქარდავა, რომელმაც ერთადერთი შეხვედრა მეოთხედფინალში საკმაოდ გამოცდილ თურქ იბრაჰიმ ტატაროგლუსთან წააგო. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან რუსეთის წარმომადგენელი არსენ კაძაევი დაამარცხა. საბა ქარდავა ძიუდოს ქუთაისური სკოლის აღზრდილია.