Share


საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე გახდა

2024-09-28 16:46:48

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტად  ლევან ნოზაძე აირჩიეს. ყრილობა ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა და მას 57 დელეგატიდან 45 დაესწრო. ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა, რომელიც ფედერაციას ორი საარჩევნო ვადით ხელმძღვანელობდა და წესდების მიხედვით აღარ ჰქონდა პრეზიდენტობის უფლება, მოკლედ მიმოიხილა მის პრეზიდენტობის პერიოდში შესრულებული სამუშაო. დელეგატებმა ფედერაციის საქმიანობა განვლილ პერიოდში დადებითად შეაფასეს. შემდეგ გაიმართა ფედერაციის არჩევნები. ლევან ნოზაძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო და დელეგატებმა მის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დავით ქევხიშვილმა შეინარჩუნა, ხოლო გიორგი ათაბეგაშვილი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ყრილობამ დაამტკიცა ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი და სხვადასხვა კომისიები.