გიორგი გივიშვილი პერუში მიმდინარე კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. -66კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე აბდულახ პარჩიევი დაამარცხა და რევანში აიღო ორი თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე განცდილი მარცხის გამო. ეს ძიუდოისტები სოფიაში გამართულ კადეტთა ევროპის ჩემპიონატზეც ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, მსოფლიოს ჩემპიონატზეც ნახევარფინალში პარჩევმა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს ვასილ გამეზრდაშვილს მოუგო. გამეზარდაშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაც დათმო და მედლის გარეშე დარჩა. გიორგი გივიშვილმა კი ფინალამდე ოთხი შეხვედრა მოიგო. მან ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი ანდერსონ არიასი, ხორვატი დავიდ სეგა, არგენტინელი რეივერ ალვარენგა სოტო და ფრანგი ბაპტისტე დე არაუჯო.
გიორგი გივიშვილი უკვე მეორე წელია საქართველოს კადეტთა ნაკრების შემადგენლობაში არც ერთი ოფიციალურ შეჯიბრებას (ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები) მედლის გარეშე არ ტოვებს. შარშან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე იგი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს ნაკრებს კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი მედალი ნოდარ კობალაძემ მოუტანა. იგი შეჯიბრების ბოლო დღეს +90კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.