Share


ილია სულამანიძის დასანანი ვერცხლი

2024-08-01 22:08:42

ილია სულამანიძე თავის სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველი ძიუდოისტი, რომელიც -100კგ წონით კატეგორიაში მეორე ნომრად იყო განთესილი. მთელი შეჯიბრების მიმდინარეობისას ძალიან კარგად გამოიყურებოდა და რომ არა ფინალურ შეხვედრაში ძირითადი დროის ბოლო ნახევარ წუთში დაშვებული შეცდომები, ოლიმპიურ ჩემპიონობასაც იზეიმებდა, თუმცა ამ შეცდომებმა ოქროს მედალი დააკარგვინა.

სულამანიძემ პირველ შეხვედრაში იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა. შემდეგ დამაჯერებლად სძლია მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს იაპონელ აარონ ვულფს და ნახევარფინალში გავიდა, სადაც 12 წამში მოუგო შვეიცარიელ დანიელ აიხს. ფინალში კი მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი იყო. ილიამ პირველ წუთზე შეასრულად ილეთი, რომელიც მსაჯებმა ვაზარით შეაფასეს. ილია ამის შემდეგაც აქტური იყო. ერთი გაფრილება ჩავარდნისთვის თავად მიიღო და ამავე დროს, შეხვედრის დასრულებამდე 34 წამით ადრე მეტოქეს პასიურობისთვის მეორე გაფრთხილებაც მიაღებინა. შემდეგ კი დროის გაყვანისას შეცდომები დაუშვა, რისთვისაც შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე მეორე, ხოლო 8 წამით ადრე მესამე გაფრთხილება მიიღო და ოქროს მედალი კოცოევის კუთვნილება გახდა.

23 წლის ტყიბულელმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ ამით საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე მესამე მედალი მოუტანა.