Share


ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

2024-07-31 16:50:05

ლაშა ბექაური გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც გამარჯვება ორ ოლიმპიურ თამაშებზე შეძლო. მან სამი წლის წინ ტოკიოში მოგებულ ოქროს მედალს პარიზული ოქრო მიამატა.

-90კგ წონითი კატეგორიაში მეტად დრამატული გამოდგა ბექაურის დაპირისპირება ფინალში იაპონელ სანშირო მურაოსთან. დასაწყისში იაპონელი ვაზარით დაწინაურდა  და შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე უპირატესობასაც ინარჩუნებდა, მაგრამ ამ დროს ბექაურმა ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ქართველი ძიუდოისტის მიერ შესრულებული ილეთი მსაჯებმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ვაზარით შეაფასეს და ბექაურს გამარჯვება მიანიჭეს.

ლაშა ბექაური, როგორც მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, შეჯიბრებაზე პირველ ნომრად იყო განთესილი და შესაბამისად, მას პირველ წრეში დასვენება მოუწია. შემდეგ მან დაამარცხა ბულგარელი ივაილო ივანოვი, მეოთხედფინალში სახრეთ კორეელ ჯუიოპ ჰანს მოუგო, ნახევარფინალში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს სძლია.

ლაშა ბექაური ამ გამარჯვებით გახდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში. 24 წელი მას 26 ივლისს შეუსრულდა. ქართული სპორტის ისტორიაში კი იგი სულ მეოთხე სპორტსმენია, რომელსაც ოლიმპიური თამაშები მინიმუმ ორჯერ აქვს მოგებული.