ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ოლიმპიურ ჩემპიონობამდე ქართველ ძიუდოისტს ერთი გამარჯვება დააკლდა. ფინალში იგი იაპონელ ოლიმპიურ ჩემპიონთან ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა. მანამდე კი ოთხ შეხვედრაში გაიმარჯვა.
ტატო გრიგალაშვილი -81კგ წონითი კატეგორიაში გამარჯვების მთავარ პრეტენდენტაც მიიჩნეოდა. იგი ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ნომრად იყო განთესილი და შეჯიბრების სპეციფიკიდან გამომდინარე მან აქ ფრთხილი გამარჯვებაზე გათვლილი ტაქტიკა აირჩია. ქართველმა ძიუდოისტმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა მოდლოველი მიხაელ ლატიშევი, ავსტრიის სახელით მოასაპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი, ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი, ნახევარფინალში კი სამხრეთ კორეელ ჯუნვონ ლის სძლია.
ტატო გრიგალაშვილმა, რომელიც ბოლო წლებში ზედიზედ სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიურ თამაშებზე თავისი პირველი მედალი მოიპოვა. ეს მედალი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი აღმოჩნდა როგორც საქართველოს ძიუდოს ნაკრებისთვის, ისე მთლიანად საქართველოს დელეგაციისთვის.
მანამდე მედლის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდათ გიორგი სარდალაშვილსა (-60კგ) და ეთერ ლიპარტელიანს (-57კგ) , რომლებიც მესამე ადგილისთვის შეხვედრებში დამარცხდნენ. ხოლო წინა ოლიმპიური თამაშების ფინალისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ) თავისი პირველივე დაპირისპირებები დათმეს და შეჯიბრებას გამოეთიშნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი მასპინძელ ძიუდოისტთან დამარცხდა, ისევე როგორც გადამწყვეტ შეხვედრაში ეთერ ლპარტელიანი. ოლიმპიადაზე დებიუტი ჰქონდა ეთერ ასკილაშვილსაც (-63კგ), რომელიც პირველ წრეში მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონთან სლოვენიელ ანდრეა ლეშკისთან დამარცხდა.