საქართველოს კაცთა და ქალთა შერეული ნაკრები აბუ-დაბიში მსოფლოიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანიის ნაკრები 4-1 დაამარცხეს და წინა მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგი გაიმეორეს.
საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაზე ამჯერად განთესილებს შორის მოხვდა და პირველ წრეში დასვენება მოუწია. ჩვენი ნაკრების პირველი მეტოქე კი უნგრეთის ნაკრები იყო, რომელმაც შეჯიბრებას მონღოლეთი ჩამოაშორა. ქართველმა ძიუდოისტებმა უნგრელები 4-1 დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ვერ დაძლიეს საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგობა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არ იყო წარმოდგენილი უძლიერესი შემადგენლობით. მიუხედავად ამისა, ნაკრების წევრებმა თავი არ დაზოგეს გამარჯვების მოსაპოვებლად. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია 19 წლის ნინო ლოლაძის ასპარეზობა, რომელმაც -57კგ წონით კატეგორიაში ნაკრებს არ აგრძნობინა ეთერ ლიპარტელიანის არყოფნა. გოგონებიდან სწორედ მან შეძლო შეხვედრების მოგება უნგრეთთან და გერმანიასთან დაპირისპირებაში, რაც საბოლოო გამარჯვებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. მან მოუგო გამოცდილ მეტოქეებს უნგრელ რეკა პუპს და და გერმანელ პაულინ შტარკეს. ნაკრების კაპიტანმა გურამ თუშიშვილმა დაჯილდოებისას სწორედ ნინო ლოლაძეს გადასცა მესამე ადგილისთვის განკუთვნილი ჯილდოს მიღების პატივი. საქართველოს ნაკრებმა სამივე შეხვედრაში ერთი შემადგენლობით იასპარეზა. ნინო ლოლაძისა და გურამ თუშიშვილის გარდა ბრინჯაოს მედლის მოპოვებაში წვლილი შეიტანეს გიორგი ჩიხელიძემ, ლუკა ბაბუციძემ, ეთერ ასკილაშვილმა და სოფიო სომხიშვილმა.
მსოფლიოს ჩემპიონი იაპონია გახდა, რომელმაც ფინალში საფრანგეთს მოუგო.