ტატო გრიგალაშვილი ქართული სპორტის ისტორიაში გახდა პირველი ძიუდოისტი, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.
არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე -81კგ წონით კატეგორიაში მან პირველობა არავის დაუთმო.
ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მეოთხედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში და წინა სამი ფინალის მსგავსად ამჯერადაც მოსალოდნელი იყო მისი დაპირისპირება ბელგიელ მატიას კასესთან. ბელგიელი მსოფლიო რეიტინგში პირველობის გამო პირველ ნომრად იყო განთესილი. მაგრამ იგი მეორე შეხვედრაში დამარცხდა ახალგაზრდა რუსთან ტიმურ არბუზოვთან, რომელიც ჩემპიონატზე როგორც ნეიტრალური ინდივიდუალური ათლეტი მონაწილეობდა. არბუზოვმა საბოლოოდ ფინალამდე მიაღწია, მაგრამ აქ ქართველ ძიუდოისტთან ვერაფერი გააწყო. შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ტატოს სისხლდენის გამო ორჯერ ექიმების დახმარება და თავის გადახვევა დასჭირდა, მაგრამ ბოლო წუთზე შესრულებული ილეთით ქართველმა ძიუდოისტმა გამარჯვება მოიპოვა. ფინალამდე გრიგალაშვილმა დაამარცხა გერმანელი ტიმო კაველიუსი, თურქეთის წარმომადგენელი ვედატ ალბაირაკი, ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი, ნახევარფინალში კი სამხრეთ კორეელი ჯუნ ვან ლი.
ქართულ ძიოუდოისტებიდან აქამდე მხოლოდ ორი მათგანი თემურ ხუბულური და ტატო გრიგალაშვილი ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონატის 2 ოქროს მედალს. გრიგალაშვილმა 24 წლის ასაკში უკვე ზედიზედ მესამედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი. იგი ამავე დროს ევროპის სამგზის ჩემპიონია.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მოპოვების კარგი შანსი ჰქონდა კიდევ ერთ ქართველ ძიუდოისტს დიმიტრი გოჩილაიძეს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის დებიუტანტი იყო. დიმიტრიმ ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალს მიაღწია, სადაც არბუზოვთან დამარცხდა. მესამე ადგილისთვის დაპირისპირება კი მახმადბეკოვთან დათმო.