Share


გიორგი სარდალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!

2024-05-19 19:37:13

აბუ-დაბიში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველსავე დღეს საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა. -60კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი გახდა.

ქართველი ძიუდოისტი ჩემპიონატზე მეშვიდე ნომრად იყო განთესილი. საწყის ორ შეხვედრაში წარმატების შემთხვევაში მეოთხედფინალში მის სავარაუდო მეტოქედ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი მოიაზრებოდა, მაგრამ ესპანელი პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა ნიდერლანდელ თორნიკე ჭკადუასთან, რომელმაც შემდეგ აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვთან წააგო.

გიორგიმ პირველ შეხვედრაში ჩრდილოეთ კორეელ კვანგ ჯინ ჩაეს მოუგო, შემდეგ კი ლამაზი ილეთით 15 წამში სძლია ტაიპეელ ჩონგ-იუ ლინს და მეოთხედფინალში სწორედ აზერბაიჯანელ ბაირამოვს დაუპირისპირდა. სარდალაშვილი შეხვედრას აგებდა, მაგრამ მოახერხა საპასუხო გდების შესრულება, რასაც შებოჭვა მიაყოლა და ნახევარფინალში გავიდა. აქ მისი მეტოქე იაპონელი ტაიკი ნაკამურა იყო. ქართველმა ძიუდოისტმა შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ვაზარი მოიპოვა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

ფინალში სარდალაშვილის მეტოქე ჩემპიონატის პირველი ნომერი კიდევ ერთი ტაიპეელი იუნგ ვეი იანგი იყო, რომელიც ორი წლის წინ სწორედ აბუ-დაბიში გრან სლემის ფინალში ჰყავდა დამარცხებული. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის გამოსავლენად ძირითადი დროს საკმარისი არ აღმოჩნდა. დამატებით დროში გიორგი შებოჭვაზე მოყვა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა, შებოჭვიდან თავი დაიძვრინა, შემდეგ კი გდებაც შეასრულა და ოქროს მედალი მოიპოვა.

20 წლის გიორგი სარდალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონია. იგი 21 წლის 26 მაისს უნდა გახდეს. მას მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი შარშან ჰქონდა, როდესაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატებამდე იგი ზედიზედ ორჯერ იყო ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში და მის ანგარიშზე ოქროს და ვერცხლის მედლებია. მან ვარჯიში რუსთავში მწვრთნელ ხვიჩა კაპანაძესთან დაიწყო. შემდეგ კი ვარჯიში თბილისში კლუბ „შევარდენი 2005“-ში მწვრთნელ ლექსო ღვინაშვილთან გააგრძელა. ივლისში პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გიორგი სარდალაშვილი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში იასპარეზებს.