ევროპის ჩემპიონატზე შჯიბრების მესამე დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა და გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა.
ვერცხლის მედლების მფლობელები ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი გახდნენ, რომლებმაც ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის მსგავსად ფინალური შეხვედრები დათმეს. მანამდე კი მეტად დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ.
ილია სულამანიძე -100კგ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად იყო განთესილი და კენჭისყრის ბადეში ერთადერთი ძიუდოისტი, იყო, რომელიც პირველ წრეში ისვენებდა. შემდეგ მან ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ბელგიელი ტომა ნიკოფოროვი, უნგრელი ზომბორ ვეგი, ნახევარფინალში კი ხორვატი ზლატკო კუმრიჩი. ფინალში ქართველი ძიუდოისტი მატვეი კანიკოვსკისთან დამარცხდა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე როგორც ნეიტრალური ინდივიდუალური ათლეტი გამოდიოდა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია რუს და ბელარუს სპორტსმენებს არ აძლევს თავისი ქვეყნის სახელით გამოსვლის უფლებას და ისინი შეჯიბრებებზე ოფიციალურად დამოუკიდებლად ასპარეზობენ.
ასევე ნეიტრალურ ინდივიდუალურ ათლეტთან ინალ ტასოევთან წააგო +100კგ წონით კატეგორიაში ფინალური შეხვედრა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც მანამდე დაამარცხა პოლონელი კასპერ შჩუროვსკი, გერმანელი ლოსენი კონე, ნახევარფინალში კი კიდევ ერთი ნეიტრალური ინდივიდუალური ათლეტი ტამერლან ბაშაევი.
-90კგ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად იყო განთესილი და ჩემპიონატის მოგების მთავარ პრეტენდენტად მიიჩნეოდა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომელიც ორი შეხვედრის მოგების შემდეგ მეოთხედფინალში მოულოდნელად დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან აზერბაიჯანელ ელჯან ჰაჯიევთან. მან ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა და ორი შეხვედრის მოგების შემდეგ ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.
ამ დღეს საქართველოს ნაკრებიდან +78 კგ წონით კატეგორიაში გამოვიდა სოფიო სომხიშვილი, რომელმაც პირველ შეხვედრაში დაამარცხა ლიეტუველი სანდრა იაბლონსკიტე, მაგრამ შემდეგ დამარცხდა მომავალ ფინალისტთან ფრანგ ჯულია ტოტოფუასთან. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ვაჟთა შორის მედლები მოიპოვეს ყველა წონით კატეგორიაში, რომელშიც ჰყავდათ წარმომადგენელი.