Share


ტატო გრიგალაშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონია

2024-04-26 22:34:16

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე შეჯიბრების მეორე დღეს ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა -81კგ წონით კატეგორიაში დამაჯერებლად იასპარეზა და არც ერთ მოწინააღმდეგეს გამარჯვების მცირე შანსიც არ მისცა. მან ფინალისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა ფრანგი ალფა ომარ ჯალო, სერბი ისლამ სოგენოვი, უნგრელი ატილა უნგვარი, იტალიელი ანტონიო ესპოზიტო. ფინალი კი 42 წამში მოუგო ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს. ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მეოთხედ იყო ევროპის ჩემპიონატის ფინალში და მესამედ მოიპოვა ოქროს მედალი.

-73კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ლაშა შავდათუაშვილი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე კარიერაში მედალი მეხუთედ მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი ხორვატ რობერტ კლაჩართან და ფინელ ტურპალ ჯუკაევის დამარცხების შემდეგ მეოთხედფინალში ნეიტრალურ ინდივიდუალურ ათლეტთან დანილ ლავრენტიევთან დამარცხდა. შემდეგ რეპეშაჟში გადაერთო სადაც გაიმარჯვა ბულგარელ მარკ ჰრისტოვთან და მოლდოველ ადილ ოსმანოვთან შეხვედრებში და მესამე ადგილი დაიკავა.

ამავე წონით კატეგორიაში გამოვიდა გიორგი ჩიხელიძე, რომელმაც პირველი შეხვედრა ბულგარელ დენისლავ ივანოვთან მოიგო, მაგრამ ნეიტრალურ ინდივიდუალურ ათლეტს რუსლან ჰალავაჩოვს ვერ გასცდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

საქართველოს ქალთა ნაკრებიდან ამ დღეს იასპარეზეს ეთერ ასკილაშვილმა (-63კგ), ნინო გულბანმა და მარიამ ჭანტურიამ (ორივე -70კგ), მაგრამ ყველა მათგანი პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა და მათ არც რეპეშაჟში მიეცათ მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა.