ვაჟა მარგველაშვილი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველი ძიუდოისტი -66კგ წონით კატეგორიაში მეორე ნომრად იყო განთესილი და მან პირველ წრეში დაისვენა. შემდეგ კი ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ავსტრიელი მარკუს აუერი, იტალიელი მატეო პირასი, ესპანელი ალბერტო გაიტერო მარტინი, ფინალში კი თურქ მუჰამედ დემირელს სძლია და კარიერაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. პირველად მან ეს ტიტული რვა წლის წინ მოიპოვა. ვაჟა მარგველაშვილი ამ გამარჯვებით მსოფლიოს რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდება, რაც ოლიმპიური თამაშების წინ მას განთესილებს შორის მოხვედრის კარგ შესაძლებლობას მისცემს.
ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც -57კგ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად იყო განთესილი. მან დაამარცხა იტალიელი ტაუანი დევიდ კაპანი დიასი, ფრანგი ფაიზა მოკდარი, გერმანელი სეია ბალჰაუსი და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ვერ გასცდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს უკრაინელ დარია ბილოდიდს. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი სერბ მარიცა პერიშიჩს სძლია.
ეთერმა ევროპის ჩემპიონატებზე თავის კარიერაში მეორე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, მის აქტივშია შარშან ევროპის ღია ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედალი, როდესაც მან კოსოვოში მასპინძლების ფავორიტი ოლიმპური ჩემპიონი ნორა გჯაკოვა დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატზე ამ დღეს საქართველოს ნაკრებიდან კიდევ მხოლოდ ნინო ლოლაძემ იასპარეზა, რომელიც -57კგ წონით კატეგორიაში პირველ შეხვედრაში დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.