Share


ზედიზედ მეორედ ბაქოში

2024-02-18 19:29:53

ილია სულამანიძემ ბაქოს გრან სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო. ძიუდოს საერთაშორისო ტურის კალენდარში ბაქოს გრან სლემისთვის ხშირად იცვლება ჩატარების თარიღი. შარშან ეს შეჯიბრება სექტემბერში ჩატარდა და ილია სულამანიძემ, რომელიც მაშინ -100კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი იყო, დამაჯერებლად იმარჯვა. ამჯერად, ბაქოს გრან სლემი თებერვალში ჩატარდა და ილია ამ შეჯიბრებას ისევ მსოფლიო რეიტინგის ლიდერის რანგში შეხვდა. ქართველმა ძიუდოისტმა თავისი სტატუსი ამჯერადაც გაამართლა და შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვა. სულამანიძემ ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა თურქმენი ბაირამატ მაჯანოვი, რუმინეთის სახელით მოასპარეზე კუბელი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ეშლი გონსალესი, ყაზახი ისლამ ბოზბაევი, ნეიტრალური ინდივიდუალური ათლეტის სტატუსით მონაწილე რუსი ნიაზ ბილალოვი, ფინალში კი პოლონელი პეტრ კუჩერა.

ილია სულამანიძემ კარიერაში მეოთხედ მოიგო გრან სლემი და მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

ბაქოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმა. -57კგ წონით კატეგორიაში მან ერთადერთი შეხვედრა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან კანადელ კრისტა დეგუჩისტან დათმო. თვითონ კი ოთხ შეხვედრაში იმარჯვა. ეთერ ლპარტელიანისთის ეს გრან სლემებზე მოპოვებული მეცხრე მედალია. აქედან 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.