საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა გერმანიის სქალაქ პოტსდამში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 23 წლამდელთა შორის 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ვაჟთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ვაჟთა და გოგონათა საერთო ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მეორე იყო.
ევროპის ჩემპიონები გახდნენ ზაურ დვალაშვილი და საბა ინანეიშვილი. ვერცხლის მედლებს ნინო ლოლაძე და ირაკლი დემეტრაშვილი დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედალი კი კოტე კაპანაძემ მოიპოვა.
შეჯიბრების პირველ დღეს -57კგ წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა 18 წლის ნინო ლოლაძე, რომელმაც ფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო, მაგრამ ფინალში ვერაფერს გახდა ნიდერლანდელი მეტოქის წინააღმდეგ. ნინო ლოლაძისთვის ეს ევროპის ჩემპიონატზე ნებისმიერ ასაკში მოპოვებული პირველი მედალია.
ევროპის ჩემპიონატზე ასევე თავისი პირველი მედალი მოიპოვა კოტე კაპანაძემ, რომელიც -73 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
შეჯიბრების მეორე დღეს კი საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს. -81კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი ზაურ დვალაშვილი გახდა, რომელმაც მთელი შეჯიბრება დამაჯერებლად ჩაატარა. ხოლო +100კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. აქ ოქროს მედალი საბა ინანეიშვილმა დაისაკუთრა, ვერცხლი ირაკლი დემეტრაშვილს ერგო.
ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს გაიმართა შერეული გუნდური შეჯიბრება, სადაც საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტებმა პირველი დაპირისპირება ნიდერლანდებთან 3-4 წააგეს, თუმცა შემდეგ 4-2 მოუგეს ავსტრიას. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი 4-1 სძლიეს აზერბაიჯანს.