Share


ვერცხლის ევროპა

2023-11-05 23:18:51

საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გამართული ევროპის ჩემპიონატი 4 ვერცხლის მედლით დაასრულა. მედლების მფლობელები გახდნენ: ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ლაშა ბექაური (-90კგ), ილია სულამანიძე (-100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ).

-81კგ წონით კატეგორიაში სპეციალისტები მსოფლიოს ჩემპიონის ტატო გრიგალაშვილისა და ბელგიელი მატიას კასეს ფინალს ვარაუდობდნენ. ეს ძიუდოისტები პირველ-მეორე ნომრად იყვნენ განთესილები. მატიას კასე ოქროს მედლისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გამოეთიშა და საერთოდ მედლის გარეშე დარჩა. გრიგალაშვილს კი შეეძლო მესამედ გამხდარიყო ევროპის ჩემპიონი, მაგრამ ვერცხლის მედალს დასჯერდა. ევროპის ჩემპიონი თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედათ ალბაირაკი გახდა.

-90კგ წონითი კატეგორია ქართულ წონად მიიჩნევა, რადგან აქ, წლეულს, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატზე, ისე მასტერსზე, ერთმანეთს ქართველი ძიუდოისტები ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური შეხვდნენ. მონპელიეშიც მათი ფინალი იყო ნავარაუდევი, მაგრამ ლუკა მაისურაძე პირველსავე წრეში დამარცხდა. ლაშა ბექაურმა კი ფინალს მიაღწია, მაგრამ ვერაფერი გააწყო სერბი ნემანია მაიდოვის წინააღმდეგ.

-100კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე პირველ ნომრად იყო განთესილი და ფინალამდე გზა მან დამაჯერებლად გაიარა. ფინალში კი აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან დამარცხდა. ილიასთვის ეს უფროსებში ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი მედალია.

+100კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილს შეეძლო კარიერაში მესამედ ეზეიმა ევროპის ჩემპიონობა. გამარჯვებასთან ის ძალიან ახლოს იყო. ფინალსაც იგებდა, მაგრამ ფინელ მარტი პუმალაინენთან დაპირისპირებაში შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ფინელმა ანგარიში გაათანაბრა. დამატებით დროში კი გაიმარჯვა კიდეც.

შედეგად საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი უჩვეულო შედეგით 4 ვერცხლის მედლით დაასრულა.