შალვა გურეშიძე პორტუგალიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. +100კგ წონით კატეგორიაში ის პირველ ნომრად იყო განთესილი და ფავორიტის სტატუსი მან აშკარად გაამართლა. გურეშიძეს კენჭისყრის შედეგად არც თუ იოლი სატურნირო ბადე შეხვდა, მაგრამ მისი უპირატესობა მეტოქეებთან შედარებით აშკარა იყო. მან ჯერ გერმანიის სახელით მოასპარეზე დავით უძილაურს სძლია. შემდეგ თურქ მუნირ ერთუგს, რომელმაც მანამდე შეჯიბრებას იაპონელი ძიუდოისტი გამოთიშა. ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში მოუგო კვიპროსელ იანის ანტონიუს, ხოლო ფინალში კიდევ ერთ თურქს იბრაჰიმ ტატაროღლუს და მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის მეორე მედალი მოიპოვა. შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ეკვადორში მას ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული.
შალვა გურეშიძემ ამ სეზონში ყველა შეჯიბრებაში გაიმარჯვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო. მან მოიგო ევროპის თასები პრაღასა და გრაცში, ხოლო ერთი თვის წინ ჰააგაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მომავალი წლიდან მას უკვე უფროსებს შორის მოუწევს ტურნირებში მონაწილეობა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ალექსანდრე ლოლაძე, რომელმაც სამი შეხვედრის მოგების შემდეგ ნახევარფინალში იაპონელი ნაოტო იზავა დაამარცხა, მაგრამ ფინალში კიდევ ერთ იაპონელთან კაიტო ამანოსთან ვეღარაფერს გახდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ალექსანდრე ლოლაძე ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და მას ახალგაზრდებს შორის მომავალ სეზონშიც შეეძლება მედლების მოპოვება.
საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ინდივიდუალურ ჩათვლაში თითო ოქროს და ვერცხლის მედლით დაასრულა. სხვა ძიუდოისტებიდან მედალთან ყველაზე ახლოს კაკო ჩაფურიშვილი (-60კგ) და თენგო ზირაქაშვილი (-66კგ) იყვნენ, მაგრამ მათ მესამე ადგილისთვის შეხვედრები წააგეს.