Share


ილია სულამანიძემ ბაქოს გრან სლემი მოიგო

2023-09-24 18:11:43

ილია სულამანიძე ბაქოს გრან სლემის გამარჯვებული გახდა. -100კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა აზერბაიჯანის დედაქალაქში დამაჯერებლად იასპარეზა და მიმდინარე სეზონში ძიუდოს საერთაშორისო ტურის მესამე ტურნირი მოიგო. ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა რუსი მატვეი კანიკოვსკი დაამარცხა, რომელიც შეჯიბრებაზე როგორც ნეიტრალური ინდივიდუალური სპორტსმენი გამოდიოდა. ამავე სტატუსით მოასპარეზე კიდევ ერთ რუსს ნიაზ ბილალოვს სულამანიძემ პირველ შეხვედრაში აჯობა. შემდეგ გაიმარჯვა ბრიტანელ რის ტომპსონთან და ხორვატ ზლატკო კუმრიჩთან დაპირისპირებებში. ნახევარფინალში კი ფრანგ აურელინ დიესს სძლია. ბაქოს გრან სლემის მოგების შემდეგ ილია სულამანიძემ მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

ბაქოს გრან სლემზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ეთერ ლიპარტელიანი, რომელმაც -57კგ წონითი კატეგორიაში საკმაოდ ძლიერი მეტოქეები დაამარცხა. მოუგო ბრაზილიელ ჯესიკა ლიმას, ფრანგ შლო დევიკტორს, გამოცდილ პორტუგალიელს ტელმა მონტეიროს, ნახევარფინალში კი რუს დარია კურბონმამადოვას, მაგრამ ფინალში ვერაფერს გახდა ოლიმპიურ ჩემპიონთან კოსოვოელ ნორა გჯაკოვასთან. ეთერ ლიპარტელიანმა ამ სეზონში ძიუდოს საერთაშორისო ტურში მეორედ მოიპოვა ვერცხლის მედალი.

ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა გურამ თუშიშვილი, რომელიც ფინალში მსოფლიოს ჩემპიონთან ინალ ტასოევთან დამარცხდა.

გურამ თუშიშვილისთვის ეს სეზონი მაინცდამაინც წარმატებული არ არის, მაგრამ ბაქოს გრან სლემზე მან საკმაოდ კარგად იასპარეზა და სამი შეხვედრის მოგების შემდეგ ფინალშიც გავიდა. ამ სეზონში თუშიშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ტურში პირველად მოიპოვა მედალი. იგი საერთაშორისო რეიტინგში ერთბაშად ხუთი პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად მერვეა.