საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გამართული ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა 4-1 დაამარცხეს მასპინძელთა ნაკრები. ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა თამაზ კობერიძის შეხვედრა, სადაც ქართველმა ძიუდოისტმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლარს ვან ოსტრუმი დაამარცხა. ფინალში თავისი შეხვედრები მოიგეს გიორგი ტერაშვილმა, შალვა გურეშიძემ და ეთერ ასკილაშვილმა.
ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალამდე ერთნაირი ანგარიშით 4-1 სძლიეს საბერძნეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს, ხოლო ნახევარფინალში ჩემპიონატის ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები 4-2 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში განსკუთრებით აღსანიშნავია გოგონათა წვლილი. ნახევარფინალში ფრანგებთან მოგება ბევრად განაპირობა ნინო ლოლაძის გამარჯვებამ თავის შეხვედრაში. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ახალგაზრდებს შორის პირველად გახდა ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული. საქართველოს ნაკრები ამ შეჯიბრებისთვის მოამზადეს ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ და გოგონათა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა მოცრაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები წლეულს ევროპის შერეულ გუნდურ ჩემპიოანტში გამარჯვებული გახდა როგორც უფროსებს, ისე ახალგაზრდებს შორის.