საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონები გახდნენ თენგო ზირაქაშვილი (-66კგ), გიორგი ტერაშვილი (-73კგ) და შალვა გურეშიძე (+100კგ). ბრინჯაოს მედალი ლუკა ბაბუციძემ (-81კგ) მოიპოვა.
თენგო ზირაქაშვილმა ფინალში აზერბაიჯანელი აიდინ რზაევი დაამარცხა. მანამდე კი სძლია ჩეხ, იტალიელ, ფრანგ და პორტუგალიელ ძიუდოისტებს.
პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ოთარ კვანტიძესთან მოუწია ფინალში დაპირისპირება გიორგი ტერაშვილს, რომელმაც დამატებით დროში გაიმარჯვა. ფინალამდე კი გიორგიმ დაამარცხა მაკედონიელი, ბელგიელი, ბულგარელი და ბრიტანელი ძიუდოისტები.
შალვა გურეშიძე ზედიზედ მეორე გახდა ევროპის ჩემპიონი. იგი ჩემპიონატზე პირველ ნომრად იყო განთესილი და მან ფავორიტის სტატუსი შეჯიბრების მიმდინარეობისას გაამართლა. ფინალში გურეშიძემ კვიპროსელ გიანის ანტონიუსს სძლია. მანამდე კი აჯობა ბერძენ, ესტონელ და თურქ ოპონენტებს.
ლუკა ბაბუციძე ორი შეხვედრის მოგების შემდეგ მეოთხედფინალში გავიდა, სადაც უკრაინელ ძიუდოისტთან დამარცხდა, მაგრამ ქართველ ძიუდოისტს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მიეცა, რაც მან კარგად გამოიყენა, ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა.
საქართველოს ნაკრების სხვა ძიუდოისტებიდან მედლთან ყველაზე ახლოს მიხეილ ჯაფარიძე (-100კგ) იყო, მაგრამ მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ვერ იმარჯვა.
საქართველოს გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ხუთი ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი, მათგან საუკეთესო ეთერ ასკილაშვილი მეშვიდე ადგილზე გავიდა.