Share


6 მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე

2023-08-27 18:46:33

საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ხორვატიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ვერცხლისმედალოსნები გახდნენ მერაბ სამადაშვილი (-55კგ) და ცოტნე ბახტაძე (-73კგ). ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ: შოთა ბაჩოშვილი (-50კგ), გიორგი გივიშვილი (-66კგ), გიორგი ბენდელიანი (-81კგ) და შოთიკო გოჩიაშვილი (+90კგ). შეჯიბრების სამი დღის შემდეგ ვაჟთა შორის საქართველოს ნაკრების ექვსი ძიუდოისტიდან მედლის გარეშე მხოლოდ გიორგი დულარიძე დარჩა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრა წააგო. მეოთხე დღეს კი ოთხი ძიუდოისტიდან მედალი მხოლოდ ერთმა მოიპოვა. საბა გველესიანი (-90კგ), ლუკა თევდორაძე (-90კგ) და ნიკოლოზ ზაალიშვილი (+90კგ) პირველსავე შეხვედრებში დამარცხდნენ. გოგონათა შორის სხვებზე უკეთ ლიზი ქვარცხავამ (-70კგ) იასპარეზა, რომელმაც მეშვიდე ადგილი დაიკავა. გოგონათა შორის თამარ გიგოლაევმა (-48კგ) და ნონა დოლიაშვილმა (-63კგ) პირველივე შეხვედრები წააგეს, ხოლო თამარ სუხიაშვილმა (-52კგ) პირველი დაპირისპირების მოგების შემდეგ, მომდევნო შეხვედრა წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ჩემპიონატის მეხუთე დღეს გაიმართა ვაჟთა და გოგონათა შერეული გუნდური შეჯიბრება, სადაც საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრაში იაპონიასთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელა.