ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური ამტკიცებენ, რომ -90კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოში საუკეთესოები არიან. კატარში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ისინი ერთმანეთს, ამჯერად, უნგრეთში მასტერსის ფინალში შეხვდნენ. თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი მაისურაძის გამარჯვებით დამთავრდა, მასტერსის ფინალის გამარჯვებული ბექაური გახდა. ტურნირზე ისინი პირველ-მეორე ნომრებად იყვნენ განთესილნი და სხვა ძიუდოისტებისაგნ განსხვავებით პირველ წრეში დასვენება მოუწიათ. თავისი სიძლიერე კი მათ შეჯიბრების მიმდინარეობისას დაამტკიცეს. ფინალამდე სამ-სამი შეხვედრა მოიგეს. ფინალის ბედი კი დამატებით დროში გაფრთხილებებით გადაწყდა.
საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა უნგრეთის მასტერსზე, ამ ოქრო-ვერცხლის გარდა, კიდევ ბრინჯაოს 4 მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ილია სულამანიძე (-100კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ). საქართველოს ნაკრები ვაჟთა შორის, იაპონიის შემდეგ, საერთო ჩათვლაში გუნდურ მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ვაჟთა და ქალთა საერთო ჩათვლაში - მესამეზე.