საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს სლოვენის ქალაქ მარიბორში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე. ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 3 ოქროს 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ვაჟთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს, ხოლო ვაჟთა და ქალთა შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ.
ფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ: შოთა ბაჩოშვილი (-50კგ), მერაბ სამადაშვილი (-55კგ) და მათე გველესიანი (-66კგ). ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს გიორგი ბენდელიანმა (-81კგ) და საბა გველესიანმა (-90კგ). ბრინჯაოს მედალი შოთიკო გოჩიაშვილმა (+90კგ) მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრები წააგეს თორნიკე გიგაურმა (-60კგ) და ირაკლი ქავთარაშვილმა (-73კგ). აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების რვავე ძიუდოისტმა მოახერხა ნახევარფინალში გასვლა. გოგონებმა, ამჯერად, მედალი ვერ მოიპოვეს, მაგრამ საკმაოდ კარგად იასპარეზეს გუნდურ შეჯიბრებაში და ბრინჯაოს მედლის მოპოვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. გოგონათა ნაკრებში იყვნენ: თამარ გოგოლაევი (-48კგ), ნონა დოლიაშვილი (-63კგ), ლიზი ქვარცხავა (-70კგ) და ნინო პაპიძე (+70კგ).
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციამ ჯამში 8 მედალი მოიპოვა, რომელთაგან 7 ძიუდოისტების ანგარიშზეა.