Share


ლიპარტელიანის ვერცხლი ულან-ბატორში

2023-06-25 16:32:40

ვარლამ ლიპარტელიანი ულან-ბატორის გრან სლემზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა მონღოლეთში ჩატარებულ გრან სლემზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებაში ხელი ფეხის ტრავმამ შეუშალა. -100კგ წონითი კატეგორია ულან-ბატორის გრან სლემზე საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. ლიპარტელიანი ტურნირში მეოთხე ნომრად იყო განთესილი და მას პირველ წრეში დასვენება მოუწია. შემდეგ სძლია გერმანელ კილიან კაპელმაიერს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს პორტუგალიელ დანიელ ფონსეკას და ოლიმპიურ ჩემპიონს იაპონელ აარონ ვულფს. ფინალში კი დამატებით დროში დამარცხდა მასპინძელ გონჩიგსურენ ბატხუიაგთან. 34 წლის ვარლამ ლიპარტელიანმა თავის კარიერაში ძიუდოს საერთაშორისო ტურში ამით 30-ე მედალი მოიპოვა, რაც ქართველ ძიუდოისტებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. მსოფლიოში კი ვაჟთა შორის - მეორე.