Share


ტატომ გრიგალაშვილი - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი

2023-05-10 18:51:41

ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. მან კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბელგიელი მატიას კასე დაამარცხა. ძიუდოს სპეციალისტები ფინალში სწორედ ამ ორი ძიუდოისტის შეხვედრას ვარაუდობდნენ. ბოლო წლებში მათი დაპირისპირება ერთგვარ ტრადიციად იქცა. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ისინი ზედიზედც მესამედ შეხვდნენ. მათი პირველი დაპირისპირება კასეს გამარჯვებით დასრულდა. მომდევნო ორში კი გრიგალაშვილმა იმარჯვა. წინა მსოფლიოს ჩემპიონატისგან განსხვავებით ქართველმა ძიუდფოისტმა ამჯერად გამარჯვება ძირითად დროში მოიპოვა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ის უპირატესობას ფლობდა და მეტოქისთვის გამარჯვების მცირე შანსიც არ მიუცია. შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით ერთი წუთით ადრე მოპოვებული გდება გადამწყვეტი აღმოჩნდა. ქართველმა ძიუდოისტმა დარჩენილი დრო ტექნიკურად გაიყვანა და  დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ძიუდოისტი, რომელსაც  მსოფლიოს ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული. მატიას კასეს გარდა, ტიტულისკენ მიმავალ გზაზე ტატო გრიგალშვილმა დაამარცხა მაროკოელი აშრაფ მოუტი, ტაჯიკი შადმონ რიზოევი, ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი, ნახევარფინალში კი დამაჯერებლად სძლია სამხრეთ კორეელ იონჰვან ლის.

ქართველი ძიუდოისტებიდან აქამდე მსოფლიოს ჩემპიონი ორჯერ მხოლოდ თემურ ხუბულური გამხდარა, რომელმაც ოქროს მედლების მოპოვება 1979 და 1981 წლებში შეძლო. აღსანიშნავია, რომ თემურ ხუბულურმა ორივეჯერ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასევე ბელგიელი ძიუდოისტი ვან დერ ვალე დაამარცხა.