Share


ევროპის თასი კადეტთა შორის გორში

2023-04-30 22:13:00

საქართველოში პირველად გაიმართა ევროპის თასი კადეტთა შორის, რომელსაც გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ტურნირი ევროპის ძიუდოს კავშირის ეგიდით ჩატარდა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში ჩასათვლელ ქულებს იძლეოდა. ევროპის თასზე სულ 16 ქვეყნის 308 ძიუდოისტმა იასპარეზა. გორში ყველაზე დიდი დელეგაციით ჩამოსულნი იყვნენ ყაზახეთის, ისრაელისა და თურქეთის გუნდები. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაში 62 ვაჟით და 54 გოგონათი წარდგა. მათი უმეტესობა საერთაშორისო შეჯიბრების დებიუტანტი იყო.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის თასზე ჯამში 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგონების მიერ მოპოვებული 3 ბრინჯაოს მედალი. შეჯიბრებაზე მედლები თამარ სუხიაშვილმა (-52კგ), ბარბარე გელაშვილმა (+70კგ) და ნინო პაპიძემ (+70კგ) მოიპოვეს.

ევროპის თასის გამარჯვებულები გახდნენ: გიორგი დულარიძე (-66კგ). ცოტნე ბახტაძე (-73კგ), საბა გველესიანი (-90კგ) და შოთიკო გოჩიაშვილი (+90კგ).

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: თორნიკე გიგაური (-60კგ), გიგი გიუნაშვილი (-66კგ), ლუკა თევდორაძე (-90კგ), ნიკოლოზ ზაალიშვილი (+90კგ). ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ: მერაბ სამადაშვილი (-55კგ), გიორგი გივიშვილი (-66კგ), ბექა დონღვანი (-66კგ), თორნიკე ვახტანგაძე (-73კგ) და ირაკლი ქავთარაშვილი (-73კგ).

ევროპის ძიუდოს კავშირის წარმომადგენლებმა ევროპის თასის ორგანიზებას მაღალი შეფასება მისცეს. ტურნირის შემდეგ თბილისში ძიუდოს აკადემიაში ტარდება ერთობლივი ვარჯიშები.